ISO სტანდარტები უკეთესი შენობებისთვის
ჩვენი დღევანდელობა უკვე წარმოუდგენელია კომფორტულად მოწყობილი სახლებისა თუ სამუშაო ოფისების გარეშე. რაც გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგან წლების გასვლასთან ერთად მსოფლიო ვითარდება, იზრდება ცხოვრების დონე და შესაბამისად ჩვენი მოთხოვნებიც. ამავდროულად, შენობებში ადამიანები ჩვენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ვატარებთ. ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია შენობები იყოს უკეთესად დაპროექტებული, მორგებული იყოს ჩვენს საჭიროებებზე, იყოს უფრო მეტად "მწვანე", ენერგოეფექტური და ა.შ.
კორონავირუსის პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს, თუმცა, რამდენადაც კომიკურად არ უნდა ჟღერდეს, პანდემიამ ბევრი რამ განსხვავებული მხრიდან დაგვანახა და დაგვაფიქრა ისეთ რამეებზე, რაზეც აქამდე არასდროს არ გვიფიქრია. განსაკუთრებით რთული იყო 2020 წლის გაზაფხული და შემოდგომა, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა დაინფიცირების მაჩვენებელი, ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანს უდასტურდებოდა ვირუსი, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში გამოცხადებული იყო მასობრივი მკაცრი კარანტინი და მოგვიწია სახლიდან მუშაობა თუ სწავლა. ასე აღმოვჩნდით შენობებში გამოკეტილნი და ალბათ სწორედ ამიტომ დავფიქრდით იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უკეთესი ხარისხის საცხოვრებელი თუ საოფისე შენობების არსებობა. მაგრამ მაინც რას გულისხმობს შენობების უკეთესი ხარისხი? რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?
ამ საკითზე უკვე ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, იქმნება ახალი მიდგომები თუ სტანდარტები, რომლებსაც უზიარებენ სამშენებლო კომპანიებს, ხდება იდეების გენერირება და შემდეგ ამ იდეების სისრულეში მოყვანა, ხოლო ჩვენს წინ კი იზრდება ახალი ქალაქები, წარმოიქმნება ახალი საქალაქო ლანდშაპტი. მცენარეების მსგავსად, რომლიც მიწის ზედაპირიდან მიისწრაფვიან მაღლა, უფრო მეტი მზის სხივის მისაღებად, ასევე იზრდებიან მიწიდან ზემოთ უზარმაზარი შენობები და ქმნიან ქალაქების ახალ იერსახეს.
ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაიწყო ადამიანმა იმაზე ფიქრი, თუ როგორ აეშენებინა ისეთი ნაგებობი, რომლებიც კომფორტს შესთავაზებდა იქ მცხოვრებლებს და ამავდროულად ეფექტურად გამოიყენებდა ენერგიას. მაგალითად, ძველი ბერძნები მიხვდნენ, რომ მზის ენერგიის სწორი გამოყენება საცხოვრებელი სახლის აშენებისას ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა ზაფხულში სახლში ყოფილიყო სიგრილე, ხოლო ზამთარში სითბო. შესაბამისად, შეიმუშავეს შენობების ახლებული არქიტექტურა და ოთახების სწორი დაგეგმარება, რომლის მიხედვითაც მთავარი ოთახები უნდა განლაგებულიყო სახლის განაპირა ნაწილებში და ფანჯრები მიმართული უნდა ყოფილიყო სამხრეთით. ამდაგვარი დაგეგმარების წყალობით, საცხოვრებლის მთავარი ოთახები ზაფხულში ნაკლებ ენერგიას იღებდნენ მზისგან, ხოლო ზამთარში პირიქით - მზის სხივები პირდაპირ უყურებდნენ ოთახებს, რითაც ნარჩუნდებოდა ზამთრის ცივ ამინდებში სახლში სითბო. მეტიც, აღნიშნული დაგეგმარების სტილი ფართოდ გავრცელდა მთელს ნახევარკუნძულზე და ახალი ქალაქების აშენებისას პრაქტიკულად ყველა ნაგებობას ამ პრინციპების დაცვით აშენებდნენ. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს ჯერ მოკრძალებული ნაბიჯები იყო ენერგოეფექტური შენობების განვითარების გზაზე. სინამდვილეში ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
მზის ენერგიას არამარტო ძველ საბერძნეთში, საქართველოშიც აქტიურად იყენებდნენ. მაგალითად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში არსებული სამონასტრო კომპლექსი ვარძია, სწორედ ამ პრინციპების დაცვით დაგეგმარდა. კელიებს ფანჯრები სწორედ რომ სამხრეთით იყო განლაგებული, რისი წყალობითაც იქ მცხოვრები ბერები ჯავახეთის მკაცრ ზამთარს წარმატებით უმკლავდებოდნენ.
*ფოტოზე: ვარძიის სამონასტრო კომპლექსი.(ფოტოს წყარო: ვიკიპედია)
ენერგოეფექტური არქიტექტურის კონცეფცია განსაკუთებით გააქტიურდა რენესანსის ხანაში, იტალიაში გამოჩნდნენ არქიტექტორები რომლებმაც აღნიშნული საკითხი ახალ საფეხურზე აიყვანეს, განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსია ვენეციელი არქიტექტორი ანდრეა პალადიო. პალადიომ ადრეულ ასაკშივე გამოავლინა ნიჭი, რაც არ გამოპარვია მის მამას. ჯერ კიდევ 13 წლის ასაკიდან დაიწყო ანდრეამ ქვის სამტეხლოში მუშაობა და არქიტექტურის შესწავლა. 20 წლის ასაკში უკვე ჩართული იყო ვილების რეკონსტრუქციისა და განახლების პროცესში. ანდრეამ რამდენჯერმე იმოგზაურა რომში და ძველ რომაულ ქალაქებში, სადაც რომაული არქიტექტურის შთაბეჭდილების ქვეშ მოექცა. აღნიშნულმა ფაქტმა აქრიტექტორის ცხორებასა და მის სტილში უდიდესი გავლენა მოახდინა, რადგან მისი დაპროექტებულ ნაგებობედიან უმეტესობაში იგრძნობა რომაული არქიტექტურის გავლენა - მან შეძლო და რომაული არქიტექტურული მშვენიერება გადმოიტანა რენესანსის ეპოქაში და გააცნო იმდროინდელ საზოგადოებას. ამავდროულად, პალადიო აქტიურად იყენებდა ენერგიეფქტურობის პრინციპებს შენობების დაპროექტებისას. ის ითვალისწინებდა არამარტო მზის ენერგიას, არამედ ნაგებობის მდებარეობას, გარემო ფაქტორებს, ოთახების ჰაერით ბუნებრივ ვენტილაციას და ა.შ. აქედან გამომდინარე, მისი დაპროექტებული საცხოვრებელი სახლები ცხოვრების მაღალ სტანდარტებს სთავაზობდა იქ მაცხოვრებლებს. 1994 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) იტალიურ ქალაქ ვიჩენზაში (vicenza) პალადიოს დაპროექტებული 23 შენობა და იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 24 ვილა, რომელიც ასევე პალადიომ დააპროექტა, მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.
*ფოტოზე: ანდრეა პალადიოს შემოქმედების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში: ვილა "La Rotonda" (ფოტოს წყარო: ვიკიპედია)
რენესანსის ეპოქიდან რამდენიმე ასეუწლის წლის შემდეგ, XX საუკუნეში მსოფლიო არქიტექტურას კიდევ ერთი მონუმენტური ფიგურა ლუის კანი მოევლინა. ლუისი წარმოშიბით ესტონეთიდან იყო, თუმცა ცხოვრების უმეტესი ნაწილი აშშ-ში, ფილადელფიის შტატში გაატარა, სადაც შექმნა კიდეც მრავალი აქრიტექტურული ნიმუში. ლუისი შთაგონებული იყო არქაული სტილისა და მოდერნიზმის შერწმით. ის ცდილობდა მოდერნისტული, ბრუტალური არქიტექტურა, არქაული, თეთრი და უზარმაზარი სტილისთვის შეერწა, ხოლო თითოულ შენობას ჰქონოდა სპირიტუალური გავლენა თითოულ ადამიანზე, ვინც კი ესტუმრებოდა ამ ნაგებობებს. ამავდოულად, ლუისი ცდილობდა რაც შეიძლება უკეთ გამოეყენებინა შენობების განათებისთვის მზის შუქი, ნაგებობას ჰქონოდა ჰაერის ბუნებრივი ვენტილაციის უნარი და ა.შ. ლუისს XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტორად მოიხსენიებენ.
*ფოტოზე: ლუის კანის შემოქმედების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში: ბანგლადეშის პარლამენტი (ფოტოს წყარო: ვიკიპედია)
XX საუკუნიდან თუ დღევანდელ დროში გადმოვინაცვლებთ აღმოვაჩენთ, რომ მოსახლეობა რეკორდული სიჩქარით იზრდება, მაღლდება ცხოვრების სტანდარტები და როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ, ადამიანები ცხოვრების უმეტეს ნაწილს შენობებში ვატარებთ, სწორედ ამიტომ აუცილებელია ისინი მოვარგოთ ჩვენს საჭიროებებს. ამ თემაზე უკვე უამრავი ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც შემუშავებული აქვს მთელი რიგი სტანდარტები, რომლებიც ხელს უწყობენ შენობები გახდნენ უფრო მეტად მორგებულნი ჩვენს საჭიროებებს.
უსაფრთხოება და დაცულობა
მშენებლობისას აუცილებელია უსაფრთხოების ზომების ზედმიწევნით დაცვა, რადგან თავიდან ავიცილოთ მშენებლობისას მომხდარი უბედური შემთხვევები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ISO 23234 სტანდარტი, რომელიც გათვლილია ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობს მშენებლობისას.
შენობების ჰაერით ვენტილაცია
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ძველ დროში გამოჩენილი არქიტექტორები ცდილობდნენ აეშენებინათ ისეთი ნაგებობები, რომლებსაც ექნებოდა ბუნებრივი ჰაერის ვენტილაციის სისტემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დროს, რადგან მაშინ არასებობდა არავითარი დანადგარი, რომელიც ამას ხელოვნურად უზრუნველყოფდა. თანამედროვე დროში კი უკვე ისე განვითარდა ტექნოლოგიები, რომ შესაძლებელია ჰაერის ვენტილაცია მოხდეს ხელოვნურად, რაც გაცილებით უფრო კომფორტულია. ამ თემაზე მუშაიბდა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც შეიმუშავა ISO 16000 სერიის სტანდარტები, რომლებიც მიმართულია შენობებში ჰაერის ხარიხსზე და ვენტილაციაზე.
"მწვანე" შენობები
მწვანე არქიტექტურა კონცეპტუალური მიდგომაა მშენებლობების მიმართ, რომელიც ამცირებს მშენებლობის დროს გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. ეკოლოგიური არქიტექტურის მიზანია გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანა. ასევე, მწვანე არქიტექტურა საშუალებას გვაძლევს გაცილებით ენერგიეფექტურად გამოვიყენოთ რესურსები. მაგალითად, ასეთი ტიპის შენობები ისეა დაპროექტებული, რომ უკეთ შეინარჩუნოს სითბო, ასევე ზაფხულის ცხელი ამინდების დროს შენობაში იყოს სიგრილე და ა.შ.
აქედან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშოირო ორგანიზაციამ შეიმუშავა ISO 15392 სტანდარტის განახლებული ვერსია, რომელიც კიდევ უფრო უკეთ მოერგება თანამედროვე გამოწვევებს. სტანდარტი საშუალებას აძლევს სამშენებლო კომპანიებს მშენებლობის დროს იხელმძღვანელონ საერთაშორისოდ აღიარებული მწვანე არქიტექტურის პრინციპებით.
შენობების შშმ პირებზე ადაპტირება
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს აქვს გარკვეული ხარისხის და სახის შეზღუდული შესაძლებლობები. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი 7 ადამიანიდან 1-ს შესაძლოა შეექმნას პრობლემა იმის გამო, რომ შენობა არ იყოს მათზე ადაპტირებული.სწორედ ამ პრობლემის გამოსწორებას ემსახურება ISO 21542 სტანდარტი, რომელიც შესაბამისობაში მოდის ნებისმიერი სახისა და დანიშნულების ნაგებობასთან.
საბოლოო ჯამში, უკეთესი ხარისხის შენობა-ნაგებობების აშენებით ჩვენი ცხოვრების დონეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, გაიზრდება ენერგოეფექტურობის როლი, რაც ნიშნავს იმას, რომ ენერგიას გამოვიყენებთ გაცილებით უფრო ეფექტურად. შენობები მორგებული იქნება შშმ პირებისთვის და ა.შ.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Opmerkingen