top of page

COVID-19 და სურსათის უვნებლობა: გაიდლაინი სასურსათო ინდუსტრიისთვის

დღესდღეისობით მთელი მსოფლიო დგას უპრეცედენტო საფრთხის წინაშე COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის სახით. მრავალი ქვეყანა მიყვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ გაცემულ რჩევებს, რაც ითვალისწინებს ფიზიკური დისტანცირების ზომების დაცვას, როგორც გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ საუკეთესო გზას. ამ ზომების გამოყენება აისახა ბიზნესის, სკოლების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების დახურვაში, მოგზაურობისა და სოციალური შეკრებების აკრძალვაში. ადამიანთა ნაწილისთვის სახლიდან მუშაობა, ტელეკომუნიკაცია და ონლაინ დისკუსიები და შეხვედრები ნორმალურ პრაქტიკად იქცა. თუმცა, სასურსათო ინდუსტრიაში დასაქმებულ პერსონალს არ აქვს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა და უწევთ მუშაობის ჩვეულ ადგილებში გაგრძელება. პანდემიის პირობებში სასურსათო ინდუსტრიაში დასაქმებული ყველა თანამშრომლის და სასურსათო ჯაჭვის უსაფრთხოებისა და უვნებლობის შენარჩუნება დიდი გამოწვევაა. ამავე დროს, უწინდებურად მნიშვნელოვანია სურსათის უწყვეტი მიწოდება, მომხმარებლის ნდობის შენარჩუნება და მათი უვნებელი პროდუქტით უზრუნველყოფა.

სასურსათო ინდუსტრიას უნდა გააჩნდეს საფრთხის ანალიზსა და კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე (HACCP) დაფუძნებული სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა, რათა მართოს სურსათის უვნებლობის რისკები და მოახდინოს სურსათის დაბინძურების პრევენცია. სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების საფუძველს წარმოადგენს წინასწარი პროგრამები, რაც მოიცავს ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკებს, დალაგება-დასუფთავებას, წარმოების უბნების ზონებად გამოყოფას, მომწოდებლების კონტროლს; შენახვის, დისტრიბუციისა და ტრანსპორტირების სანიმუშო პრაქტიკებს; პერსონალის ჰიგიენას და მუშაობისთვის შესაფერისობის კონტროლს - სურსათის საწარმოო გარემოს სათანადო ჰიგიენურ მდგომარეობაში შენარჩუნების ყველა საჭირო პირობასა და საქმიანობას.

თუ წარმოებაში დანერგილია სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა (სუმს) და/ან ჩამოყალიბებულია HACCP ჯგუფი, ამ ჯგუფის წევრებმა უნდა განიხილონ მიმდინარე პროცესების პოტენციური გავლენა სურსათის უვნებლობაზე. ასევე, უნდა შეირჩეს სურსათის უვნებლობის წარმოქმნილ რისკებზე პასუხისმგებელი პირი, რომელმაც უნდა იქონიოს კონტაქტი სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებელ პირებთან მათგან რჩევების მისაღებად. ახლა მთავარი მოთხოვნაა თანამშრომლების დაცვა COVID-19-ისგან, გავრცელების ან გადაცემის პრევენცია და ჰიგიენისა და სანიტარული პრაქტიკების დაცვა.

წინამდებარე გაიდლაინის მიზანია, ხაზი გაუსვას დამატებით ზომებს სასურსათო ჯაჭვის მთლიანობის შენარჩუნებისა და მომხმარებლებისთვის უვნებელი სურსათის მიწოდებისთვის.

COVID-19-ის პოტენციური გადაცემა სურსათით

სურსათიდან ან შესაფუთი მასალებიდან COVID-19-ით ადამიანების დაინფიცირების რისკი საკმაოდ დაბალია. COVID-19 არის რესპირატორული დაავადება და მისი გადაცემა ხდება ადამიანების პირდაპირი კონტაქტით ჰაერ-წვეთოვანი გზით.

არ არსებობს ვირუსის სურსათიდან ან შესაფუთი მასალებიდან გადაცემის მტკიცებულება. კორონავირუსი არ მრავლდება სურსათში; გამრავლებისთვის საჭიროა ცხოველის ან ადამიანის მასპინძელი ორგანიზმი.

როგორც უკვე აღინიშნა, ვირუსის გადაცემა ხდება ჰაერწვეთოვანი გზით; წვეთიდან, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ინფიცირებული ადამიანის დაცემინების ან დახველების შედეგად, და რომელიც აღწევს სხვა ადამიანის ორგანიზმში. გარდა ამისა, ეს წვეთები არიან ჰაერზე მძიმე და ხვდებიან ინფიცირებული ადამიანების გარემომცველ საგნებსა და ზედაპირებზე. შესაძლებელია, რომ დაინფიცირება მოხდეს დაბინძურებულ ზედაპირზე, საგანზე და ამის შემდგომ სახეზე, ცხვირზე, პირზე, თვალებზე შეხებით. ეს შესაძლოა ასევე მოხდეს კარის სახელურებზე შეხების შემდგომ სახეზე შეხებით.

უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ COVID-19 ვირუსი სხვადასხვა ზედაპირზე რჩება სხვადასხვა დროის განმავლობაში, მაგ. 72 საათი - პლასტმასისა და უჟანგავი ფოლადის ზედაპირებზე, 4 საათი - სპილენძის ზედაპირზე, 24 საათი - მუყაოზე. ეს კვლევები ჩატარდა ლაბორატორიულ პირობებში (სადაც კონტროლდებოდა ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა) და შეიძლება რეალურ გარემო პირობებში შეიცვალოს.

აუცილებელია, რომ სასურსათო ინდუსტრიაში დასაქმებულ პირებს მიეწოდოთ ჰიგიენურ ღონისძიებებთან დაკავშირებული განახლებული ტრენინგები. პირადი დაცვის საშუალებები, როგორიცაა ნიღბები და ხელთათმანები, ეფექტური საშუალებაა ვისურსისა და სხვა დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის. ასევე, რეკომენდირებულია, რომ მოხდეს ფიზიკური დისტანცირება და გაძლიერდეს სანიტარულ-ჰიგიენური ზომები; წარმოების, გადამუშავების და გაყიდვის ეტაპებზე უმნიშვნელოვანესია ხელების ხშირი დაბანა. ეს ზომები დაიცავს თანამშრომლებს COVID-19-ით გავრცელებისგან და შეინარჩუნებს ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

სურსათთან შეხებაში მყოფი თანამშრომლები: ცნობიერება COVID-19 სიმპტომებთან დაკავშირებით

სურსათთან შეხებაში მყოფი თანამშრომლებში მოიაზრება ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ეხებიან სურსათს; ასევე - ის თანამშრომლები, რომლებიც ეხებიან სურსათთან შეხებაში მყოფ ზედაპირებს ან სხვა ზედაპირებს იმ სათავსებში, სადაც სურსათი იწარმოება. აგრეთვე, შეიძლება მოიაზრებოდეს მენეჯერები, დამლაგებლები, ტექ.მომსახურების განმახორციებლები, მიწოდების სერვისის თანამშრომლები და სურსათის ინსპეტქორები.

ჯანმო-ს რეკომენდაციით ის ადამიანები, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ უნდა დარჩნენ სახლში. სასურსათო ინდუსტრიაში დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია COVID-19-ის სიმპტომებთან დაკავშირებით. ბიზნესოპერატორებმა უნდა შეიმუშავონ მითითებები თანამშრომლების მიერ სიმპტომების შეტყობინებასთან და შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებმა შეძლონ სიმპტომების გამოცნობა მათი გამოვლენის ადრეულ ეტაპზევე, რათა მიიღონ სათანადო დანიშნულება, ჩაუტარდეთ ტესტირება და მინიმუმამდე შემცირდეს სხვა თანამშრომლების დაინფიცირების რისკი.

COVID-19-ის ძირითადი სიმპტომებია:

  • ცხელება (მაღალი ტემპერატურა - 37,5 °C და უფრო მაღალი)

  • ხველა - ნებისმიერი ტიპის, არა მხოლოდ მშრალი

  • სუნთქვის გაძნელება

  • დაღლილობა,

სურსათთან შეხებაში მყოფი თანამშრომლები: სამუშაო გარემოში COVID-19-ის გავრცელების პრევენცია

სასურსათო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომლებს უნდა მიეწოდოთ ინსტრუქცია და სწავლება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აირიდონ თავიდან COVID-19-ის გავრცელება. პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს, რომ დაინფიცირებული ადამიანები კვლავ მუშაობენ. თანამშრომლები, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ ან აღენიშნებათ COVID-19-ის სიმპტომები არ უნდა დაიშვან სამუშაოზე და უნდა შეატყობინონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ დაინფიცირებული თანამშრომელი შეეხება სურსათს, შესაძლებელია, რომ ვირუსი დახველების, დაცემინების ან ხელით კონტაქტისას გადავიდეს სურსათზე, ზედაპირებზე. ზოგ შემთხვევაში, დაინფიცირებულ ადამიანს შესაძლოა არ ჰქონდეს სიმპტომები ან ჰქონდეს შეუმჩნეველი პრე-სიმპტომები. ეს ხაზს უსვამს ყველა თანამშრომლისთვის ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვისა და სათანადო პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების აუცილებლობას. სასურსათო ბიზნესმა უნდა წარმოაჩინოს თანამშრომლების დაცვისა და მართვის უმაღლესი დონე, რათა უზრუნველყოს დაავადებისგან თავისუფალი სამუშაო გარემო.

წინასწარმა პროგრამებმა უნდა უზრუნველყოს, რომ COVID-19-ით ინფიცირებული თანამშრომლების (მათ შორის სიმპტომების მქონე ან დადასტურებული შემთხვევა) კონტაქტი სურსათთან/საწარმოო ზონასთან გამორიცხულია. თანამშრომლები, რომლებიც თავს არ გრძნობენ კარგად ან რომელთაც აქვთ COVID-19-ის სიმპტომები არ უნდა იქნან დაშვებული სამუშაოზე. კომპანიამ უნდა შეიმუშავოს პროცედურა იმისათვის, რომ თანამშრომელმა საეჭვო სიმპტომების გამოვლენის ადრეულ ეტაპზე მიაწოდონ ინფორმაცია (ტელეფონის, ელ.ფოსტის ან სხვა საშუალებით) პასუხისმგებელ პირს, რათა დროულად მოშორდნენ სამუშაო ადგილს.

სურსათის მწარმოებელ დაწესებულებაში დანერგილი სურსათის უვნებლობის პრაქტიკები უნდა ეყრდნობოდეს ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკას.

სანიმუშო პრაქტიკა თანამშრომლებისთვის მოიცავს:

  • ხელის სათანადო ჰიგიენას - დაბანა საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში;

  • ალკოჰოლშემცველი სანიტაიზერების ხშირ გამოყენებას;

  • კარგ რესპირატორულ ჰიგიენას (პირისა და ცხვირის დაფარვა დაცემინების ან დახველების დროს; ქაღალდის ხელსახოცების გამოყენებას და ხელების დაბანას);

  • სამუშაო ზედაპირების და ხშირად შეხებადი წერტილების (მაგ. კარების სახელურები) ხშირ რეცხვა/დეზინფექციას;

  • ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც აღენიშნება რესპირატორული სიმპტომები როგორიცაა ხველება/ცემინება, ახლო კონტაქტის არიდებას.

სურსათთან შეხებაში მყოფი თანამშრომლები: ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება

თანამშრომლებმა სამუშაო გარემოში შესაძლოა გამოიყენონ ხელთათმანები, თუმცა, მათი გამოცვლა უნდა მოხდეს ხშირად და პერსონალმა ხელთათმანების გამოცვლისას და მოხსნის შემდეგ უნდა დაიბანოს ხელები. ხელთათმანების გამოცვლა უნდა მოხდეს ისეთი საქმიანობების განხორციელების შემდეგ, როგორიცაა კარების ხელით გაღება/დახურვა, ნაგვის ურნების დაცლა და სხვ. თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელთათმანის ტარების მიუხედავად მათ ხელებზე მაინც შესაძლებელია ბაქტერიის მოხვედრა, შესაბამისად, ხელების დაბანა აუცილებელია. თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ხელთათმანის ტარებისას სახეზე, პირზე, თვალებზე და ამავე ხელთათმანით სურსათთან შეხებას.

ერთჯერადი ხელთათმანები არ უნდა იქნას გამოყენებული ხელების დაბანის შესაცვლელად. COVID-19 ვირუსს შეუძლია ხელთათმანებზე მოხვედრა იმავე გზით, როგორც ხელებზე. ხელთათმანების მოხსნისას შესაძლოა მოხდეს ხელების დაბინძურება. ერთჯერადი ხელთათმანების ტარებამ შესაძლოა შექმნას დაცულობის მცდარი გრძნობა და შესაძლოა აისახოს იმაში, რომ თანამშრომლებმა არ დაიბანონ ხელები ისე ხშირად, როგორც ეს საჭიროა.

ხელების დაბანა არის უფრო ძლიერი დამცავი ბარიერი ინფექციისგან, ვიდრე ერთჯერადი ხელთათმანები. სურსათის მწარმოებელმა კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ სათანადო სანიტარული კვანძები, რათა თანამშრომლებმა საჭირო სიხშირით შეძლონ ხელების დაბანა. ამისათვის საჭიროა თბილი წყალი და თხევადი საპონი. ხელის სანიტაიზერი შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც დამატებითი ზომა, რომელიც არ ცვლის ხელების დაბანის საჭიროებას.

სურსათთან შეხებაში მყოფი თანამშრომლები: ფიზიკური დისტანცირება სამუშაო გარემოში

COVID-19 გავრცელების შესამცირებლად ფიზიკური დისტანცირების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მიიღწევა პოტენციურად ინფიცირებულ და ჯანმრთელ ადამიანებს შორის კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანით. სასურსათო ბიზნესმა უნდა დაიცვას დისტანცირების წესები იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჯამნო-ს რეკომენდაციაა მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია თანამშრომლებს შორის. სადაც სამუშაო გარემო არ იძლევა დისტანციის დაცვის საშუალებას, დამსაქმებლებმა თანამშრომლების დასაცავად უნდა მიიღონ სხვა ზომები. ასეთი პრაქტიკული ზომების მაგალითებია:

  • სამუშაო ზონის მოწყობა ისე, რომ თანამშრომლები იყვნენ სამუშაო სივრცის ერთ მხარეს და არ მოუწიოთ ერთმანეთთან პირისპირ კონტაქტი;

  • პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, როგორიცაა სახის ნიღბები, ხელთათმანები, რეცხვადი სპეცტანსაცმელი და ფეხსაცმელი. პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება უნდა იყოს რუტინა მაღალი რისკის ზონებში, როგორიცაა საკვებად მზა და თერმულად დაუშავებული პროდუქტების წარმოება. როდესაც თანამშრომლები აღჭურვილნი არიან სათანადოდ, შესაძლებელია მათ შორის დისტანციის შემცირება;

  • წარმოების ზონაში ერთსა და იმავე დროს მყოფ თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება;

  • თანამშრომლების დაკმპლექტება ჯგუფებად ყველა თანამშრომელს შორის კონტაქტის შესამცირებლად.

სურსათთან შეხებაში მყოფი თანამშრომლები: COVID-19 სამუშაო ადგილზე

წინასწარი პროგრამები, რომლებიც სურსათის უვნებლობლობის მენეჯმენტის სისტემის საფუძველს წარმოადგენს, უნდა მოიცავდეს მითითებებს დაავადებული თანამშრომლების მართვასთან დაკავშირებით. აქვე უნდა იყოს გათვალისწინებული თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის და დაავადების გადატანის შემდეგ მათი სამსახურში დაბრუნების პოლიტიკა. თანამშრომლები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ სიმპტომების გამოვლენის ადრეულ ეტაპზე მიაწოდონ ინფორმაცია ხელმძღვანელობას, რათა არ მოხდეს COVID-19-ის გადაცემა სხვა თანამშრომლებისთვის. თანამშრომლების მიერ სიმპტომების შეტყობინება შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა გზით (მაგ. ტელეფონით) და არ არის აუცილებელი წერილობითი ანგარიშის წარდგენა.

თანამშრომლები, რომელთაც სამუშაო ადგილზე ყოფნისას გამოუვლინდებათ COVID-19-ის სიმპტომები, მყისიერად უნდა მოშორდნენ სამუშაო სივრცეს და სხვა თანამშრომლებს. თუ შესაძლებელია, უნდა გამოიყოს ოთახი ან ზონა, სადაც მოხდება მათი დროებითი იზოლირება.

საეჭვო სიმპტომების მქონე თანამშრომელმა სიმპტომების შეტყობინებისას უნდა იხელმძღვანელოს ქვეყანაში არსებული მითითებების მიხედვით. ექიმის მითითებების ლოდინისას(საწარმოს ტერიტორიაზე) ან სახლში გაგზავნის რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, ასეთი პირები არ უნდა ეკონტაქტონ სხვა თანამშრომლებს. მათ თავი უნდა აარიდონ ადამიანებთან, ზედაპირებთან ან სხვა საგნებთან შეხებას, უნდა დაიფარონ პირი და ცხვირი, გამოიყენონ ერთჯერადი ხელსახოცი დაცემინების ან დახველებისას და მოათავსონ გამოყენებული ხელსახოცი ჩანთაში ან რაიმე პაკეტში, რომელსაც შემდეგ გადააგდებენ. ხელსახოცის არქონის შემთხვევაში მათ უნდა დააცემინონ ან დაახველონ მოხრილი იდაყვის სახეზე მიდებით. თუ მათ სამუშაო ადგილზე ყოფნისას დასჭირდებათ საშხაპით სარგებლობა, სასურველია გამოიყენონ განცალკევებული საშხაპე.

ყველა ზედაპირს, რომლესაც ინფიცირებული თანამშრომელი შეეხო უნდა ჩაუტარდეს რეცხვა-დეზინფექცია. ეს ეხება როგორც ხილულ, ასევე, პოტენციურ დაბინძურებას ისეთი ადგილებისა, როგორიცაა ტუალეტები, კარის სახელურები, ტელეფონები. ამ მიზნით გამოყენებული უნდა იყოს ალკოჰოლის ბაზაზე დამზადებული სანიტაიზერი/ზედაპირის დასამუშავებელი საშუალებები. ალკოჰოლის (ეთანოლი, პროპანოლ-2, პროპანოლ-1) ბაზაზე დამზადებული დეზინფექტანტების რეკომენდირებული კონცენტრაციაა 70-80%. თანამშრომლებმა უნდა დაიბანონ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ნებისმიერ საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანთან ნებისმიერი სახის კონტაქტის შემდეგ.

ჯანმო-ს რეკომენდაციით, დადასტურებული შემთხვევის მქონე ადამიანთან კონტაქტის მქონე პირები უნდა იყვნენ კარანტინში 14 დღის განმავლობაში. თუ ისინი ამ 14 დღის განმავლობაში თავს ცუდად იგრნობენ, უნდა მოხდეს მათი ტესტირება და თუ მათი შემთხვევებიც დადასტურდება, უნდა განხორციელდეს ქმედებები ზემოაღნიშნულის მსგავსად.

თანამშრომლებს, რომელთაც არ ჰქონიათ უშუალო კონტაქტი ინფიცირებულებთან, შეუძლიათ ჩვეულებრივად გააგრძელონ საქმიანობა. თანამშრომლების დაკომპლექტება მცირე ჯგუფებად მინიმუმამდე დაიყვანს სამუშაოს შეჩერების რისკს დადასტურებული შემთხვევის გამოვლენის შემთხვევაში.

ორგანიზაციაში უნდა არსებობდეს ინფიცირებული და შემდგომ გამოჯანმრთელებული თანამშრომლების სამუშაოზე დაბრუნების პოლიტიკა. ჯანმო-ს რეკომენდაციით გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი, რომლისთვისაც ბოლო 24 საათში ჩატარებული ორივე PCR ტესტის შედეგი ნეგატიურია.

სურსათთან შეხებაში მყოფი თანამშრომლები: სურსათის ინგრედიენტებისა და საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება და მიწოდება

ჰიგიენური და სანიტარული ზომების გამკაცრებისას ძირითადი აქცენტი კეთდება საწარმოში COVID-19-ის თავიდან არიდებაზე. ვირუსი შეაღწევს საწარმოში იმ შემთხვევაში, თუ იქ მოხვდება დაინფიცირებული ადამიანი ან დაბინძურებული პროდუქტი ან სხვა რამ.

მძღოლებმა და მიწოდების სერვისის სხვა თანამშრომლებმა არ უნდა დატოვონ სატრანსპორტო საშუალებები მიწოდების დროს. მძღოლები უნდა იყონ აღჭურვილი ალკოჰოლის ბაზაზე დამზადებული სანიტაიზერებით, დეზინფექტანტებით და ქაღალდის ხელსახოცებით. მძღოლებმა უნდა გამოიყენონ ხელის სანიტაიზერი სხვადასხვა ტიპის ქაღალდის დოკუმენტებთან შეხების შემდეგ. უნდა იქნას გამოყენებული ერთჯერადი კონტეინერები და შესაფუთი მასალები, რათა საჭირო არ გახდეს მათი მობრუნება და რეცხვა. თუ ასეთი რამ ვერ ხერხდება, მაშინ ხელმეორედ გამოყენებამდე უნდა განხორციელდეს მათი სათანადო დამუშავება.

მძღოლები, რომელთან მოაქვთ მასალები სასურსთო დაწესებულებებში, უნდა იყვნენ გაცნობიერებულნი COVID-19-ის კონტაქტით გადაცემის პოტენციური რისკებში. ვირუსის გადაცემა შესაძლოა მოხდეს თუ მძღოლი შეეხება დაბინძურებულ ზედაპირს ან ჩამოართმევს ხელს დაინფიცირებულ პიროვნებას. ზედაპირები, რომელთა დაბინძურების ალბათობა მაღალია არის საბურავები, სახელურები, მობილურები და სხვ. ამიტომაც ხელების ჰიგიენა ფიზიკურ დისტანცირებასთან ერთად უმნიშნელოვანესია.

მძღოლებმა უნდა დაიცვან ფიზიკური დისტანცირების წესები მისაწოდებელი სურსათის აღებისას და მათი მომხმარებელთათვის გადაცემისას, უნდა ატარონ პირადი დაცვის საშუალებები. ასევე, მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია კონტეინერების სისუფთავის მნიშვნელოვნების შესახებ - სურსათი დაცული უნდა იყოს ჯვარედინი დაბინძურებისგან.

სავაჭრო დაწესებულებები

COVID-19 პანდემიის დროს, სავაჭრო დაწესებულებები დგებიან დიდი გამოწვევების წინაშე, რაც უკავშირდება ჰიგიენის სანიმუშო სტანდარტების დაცვას, თანამშრომლების დაინფიცირების რისკისგან დაცვას, ფიზიკური დისტანცირების შენარჩუნებას ბევრი მომხმარებლის არსებობისას, ობიექტის დახურვის თავიდან არიდებას და მომხმარებლისთვის სათანადო რაოდენობის სურსათით უზრუნველყოფას.

სავაჭრო დაწესებულებებში სურსათთან შეხებაში მყოფი თანამშრომლების მიერ სურსათის დაბინძურება ნაკლებად მოსალოდნელია თუ ისინი იცავენ ჰიგიენურ ნორმებს, რაც ამცირებს დაავადების გადაცემის რისკს. ხელების ხშირი დაბანა; ხელის სანიტაიზერების, დამცავი ტანსაცმლის, რესპირატორების გამოყენება შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს. თანამშრომლებმა უნდა გააცნობიერონ ხელების ხშირი დაბანის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის, მათ შორის ზედაპირების უფრო ხშირი რეცხვა-დეზინფექციის მნიშვნელოვნება. თანამშრომლებმა ასევე უნდა იცოდნენ COVID-19-ის სიპმტომების შესახებ; უნდა აცნობონ დამსაქმებელს თუ თვლიან, რომ აქვთ სიმპტომები და მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

სავაჭრო დაწესებულებებში ფიზიკური დისტანცირების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაავდების გავრცელების რისკის შემცირებისთვის. უნდა იქნას მიღებული შემდეგი პრაქტიკული ზომები:

  • ქსელში შემოსულ მომხმარებელთა რაოდენობის რეგულირება;

  • შესასვლელთან გამაფრთხილებელი ნიშნები: ნუ შემოხვალთ თუ თავს შეუძლოს გრძნობთ ან აღგენიშნებათ COVID-19 სიმპტომები!

  • რიგში დგომისას ფიზიკური დისტანცირების კონტროლი როგორც შიგნით, ასევე, გარეთ;

  • შესასვლელებში ხელის სანიტაიზერების, შესასხურებელი დეზინფექტანტების და ქაღალდის ხელსახოცების უზრუნველყოფა;

  • იატაკის მონიშვნა, რათა ფიზიკური დისტანცირება უფრო მარტივი გახდეს; განსაკუთრებით ისეთ გადაჭედილ ადგილებში, როგორიცაა შეფუთვის ადგილები და სალაროები;

  • მომხმარებლებისთვის რეგულარული შეხსენება, რომ დაიცვან ფიზიკური დისტანცირების წესები და დაიბანონ ხელები რეგულარულად;

  • მინის ბარიერების მოწყობა სალაროებთან, თანამშრომლების დასაცავად;

  • უკონტაქტო გადახდის ხელშეწყობა;

  • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლებს მოაქვთ საკუთარი ჩანთები, მათთვის მოწოდება იმისა, რომ სათანადოდ გარეცხონ ეს ჩანთები ყოველი გამოყენების შემდეგ.

სავაჭრო დაწესებულებებში დაავადების გავრცელების რისკს შეამცირებს ყველა ხშირად შეხებადი წერტილების გამოვლენა და მათი სათანადო რეცხვა-დეზინფექცია. ასეთი წერტილებია მოძრავი და ხელის კალათები, კარის სახელურები, სასწორები. ღონიძიებები, რომლებიც უნდა იქნას მიღებული, მოიცავს:

  • სველი ხელსახოცების უზრუნველყოფა იმისათვის, რომ მომხმარებლებმა გაწმინდონ კალათების სახელურები; ან თანამშრომლის გამოყოფა იმისათვის, რომ გაწმინდოს ისინი ყოველი გამოყენების შემდეგ;

  • რეცხვა და ხშირი სანიტარული დამუშავება ისეთი საგნებისა, როგორიცაა დიდი კოვზები, მაშები ან საკონდიტრო ნაწარმის ასაღებად გამოყენებული სხვა საშუალებები;

  • სადაც მოსახერხებელია კარების ღიად დატოვება ხელით შეხების ინტენსივობის შესამცირებლად.

სავაჭრო დაწესებულებებში შეუფუთავი სურსათის გაყიდვა

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს COVID-19 ვირუსის სურსათით გადაცემის მეცნიერული დადასტურება, ჰიგიენური ნორმების დაცვა სურსათის (როგორიცაა მზა სალათები, გადაუმუშავებელი სურსათი, საკონდიტრო ნაწარმი) განთავსების წერტილებში ძალიან მნიშვნელოვანია. მომხმარებლებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ მოხმარებამდე გარეცხონ ხილი და ბოსტნეული სასმელი წყლით. როგორც თანამშრომლებმა, ასევე, მომხმარებლებმა უნდა დაიცვან ჰიგიენური ნორმები ასეთი სურსათის განთავსების ზონებში.

ასეთი ტიპის ზედაპირებიდან COVID-19-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად, ბიზნესოპერატორებმა უნდა:

  • უზრუნველყონ ზედაპირებისა და გამოყენებული აღჭურვილობების (მ.შ. ჭურჭლის) ხშირი რეცხვა და სანიტარული დამუშავება

  • მოსთხოვონ სურსათთან შეხებაში მყოფ თანამშრომლებს, რომ ხშირად დაიბანონ ხელები და თუ იყენებენ ხელთათამანებს, გამოიცვალონ ის სურსათის მომზადებამდე და მომზადების შემდეგ;

  • მოსთხოვონ სურსათთან შეხებაში მყოფ თანამშრომლებს, რომ ხშირად გარეცხონ და სანიტარულად დაამუშავონ დახლები, სერვირებისთვის გამოყენებული ჭურჭელი და სუნელების კონტეინერები;

  • ჰქონდეთ სათანადო რაოდენობის ხელის სანიტაიზერები მომხმარებლებისთვის;

  • გაითვალისწინონ, რომ ღიად არ განათავსონ ან არ გაყიდონ გახსნილი გამომცხვარი პროდუქტები. ისინი უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული პლასტმასის ან ქაღალდის შესაფუთ მასალაში.

სურსათთან შეხებაში მყოფი თანამშრომლები: სასადილო

თუ არ არსებობს თანამშრომლების მიერ საკვების მიღების სხვა პრაქტიკული ალტერნატივა, სასადილო არ უნდა დაიხუროს იმ პირობით, რომ ჯანმო-ს რეკომენდაციები დისტანციის დაცვასა და ხელების ხშირ დაბანასთან დაკავშირებით აქაც ზედმიწევნით იქნება დაცული.

ასევე:

  • თანამშრომლებს შორის უნდა შენარჩუნდეს მინიმუმ 1 მეტრიანი ფიზიკური დისტანცია;

  • შესვენების დროები შეთავსდეს ისე, რომ სასადილოში ერთდროულად ბევრი ადამიანი არ აღმოჩნდეს;

  • აიკრძალოს არააუცილებელი ფიზიკური კონტაქტი;

  • განთავსდეს ვიზუალური ნიშნები ხელების დაბანისა და ფიზიკური დისტანცირების შესახებ ყურადღების გამახვილებისთვის;

  • მკაცრად იყოს დაცული დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურები აღჭურვილობისთვის, ხშირად შეხებადი და სურსათთან შეხებაში მყოფი ზედაპირებისთვის.

ჯანმო აგრძელებს მსოფლიოში არსებული სიტუაციის მონიტორინგს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილებები მათ მიერ მოცემულ გაიდლაინში. ასეთი ცვლილებების შემთხვევაში, ჯანმო გამოაქვეყნებს ახალ გაიდლაინებს. მიუხედავად ამისა, წინამდებარე გაიდლაინი იქნება მოქმედი მისი გამოშვებიდან 2 წლის განმავლობაში (2022 წლის აპრილამდე).

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონლუნტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემა და რისკები, რათა გააუმჯობესოთ და დაიცვათ მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.

დაგვიმეგობრდით Facebook-ზეც, რათა შეიტყოთ მეტი საინტერესო ინფორმაცია

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page